Friday, December 21, 2012

ცეკვა ხანჯლური



ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).

ცეკვა ხევსურული


მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.

ცეკვა ხორუმი


ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

ცეკვა სამაია


სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).

ცეკვა მთიულური


მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.

ცეკვა მოხევური


ცეკვა ქართული


ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობისწიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის,,დარეჯანცბიერი’’ და სხვ.